X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

აბასთუმანში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

11 მაისი 2026

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ აბასთუმანში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის, მუნიციპალური განვითარების ფონდის, ადგილობრივი თვითმმართველობის, კონტრაქტორი კომპანიებისა და არქიტექტურული ჯგუფის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განიხილეს დაბა აბასთუმანში ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები, პროექტის განხორციელების ეტაპები, არსებული გამოწვევები და სამუშაოების ხარისხის კონტროლის საკითხები.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს კურორტის მოვლა-პატრონობისათვის საჭირო ღონისძიებებსა და აბასთუმნის ეკოლოგიური, ისტორიული და ტურისტული გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობაზე.

ახალი პროექტი ითვალისწინებს ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობების აღდგენას, ტურისტული და რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობას, ქუჩებისა და გზების განახლებას, ასევე ნაპირსამაგრი და სახიდე ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციას.

პროექტის დასრულების შემდეგ აბასთუმანი სრულად ჩამოყალიბდება თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის კურორტად და კიდევ უფრო გაიმყარებს პოზიციას მსოფლიო ტურისტულ რუკაზე.